უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში იმყოფებოდა. მან პატივი მიაგო იმ უკრაინელთა ხსოვნას, რომლებიც რუსულმა ძალებმა კიევის ოლქის ოკუპაციის დროს დახოცეს.
ბუჩას მემორიალთან, სადაც რუსების მიერ მოკლული 509 სახელია ამოტვიფრული, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები და უცხო ქვეყნების ელჩებიც მივიდნენ. ზელენსკი ირპინსა და ბოროდიანკაშიც ჩავიდა. მან აღდგენილი საცხოვრებელი სახლები სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერა.
"მსოფლიომ არასდროს უნდა დაივიწყოს ამ ბრძოლის ფასი და იმ ბოროტების შესახებ, რომელსაც ჩვენ აქ, ჩვენს მიწაზე ვაჩერებთ. ბუჩას ქუჩებში ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი ხალხის ცხედრები იყო მტკიცებულება, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს განზე ამ ბრძოლისგან, რადგან სწორედ აქ, უკრაინაში, ჩვენი ხალხის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი სახელმწიფოს დაცვით ადამიანობა იმარჯვებს.
იმისთვის, რომ სხვების წინააღმდეგ ასეთი აგრესია დაეწყოთ, რუსეთმა ჯერ საკუთარ თავში მორალი გაანადგურა, ძალადობა და სიძულვილი კი თავის იდეოლოგიად აქცია. ასეთი სისტემები თავისით არ შეჩერდება. მათ ძალა და ერთიანობა აჩერებთ", - თქვა ზელენსკიმ.
რუსეთის არმია ბუჩაში 2022 წლის 27 თებერვალს შეიჭრა. 33-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა ბუჩაში 9 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის 37 ბავშვი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბუჩა 31 მარტს გაათავისუფლეს.